არჩილ თალაკვაძე: რუსთავში ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება მნიშვნელოვანი შედეგის მიღება

ეს არის ოპოზიციის და „ლელოს“ მცდელობა, რომ როგორმე დარჩნენ პოლიტიკურ ზედაპირზე, თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსთავში მათ ძალიან გაუჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე საუბრისას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მერის არჩევნები დამაჯერებლად მოვიგეთ და წლების განმავლობაში რუსთავს კარგად ახსოვს, ოპოზიციური მმართველობა რას ნიშნავდა და რა შედეგები დადგა მუნიციპალიტეტში, სხვათა შორის, არა მხოლოდ რუსთავში, არამედ – რუსთავსა და გარდაბანში. ჩვენ გვყავს ძალიან პროგრესული, ეფექტური და ენერგიული მერი – ნინო ლაცაბიძე, ასევე, გვყავს ადგილზე კარგი გუნდი, რომელიც საარჩევნო კამპანიას ეფექტურად ჩაატარებს. ასე რომ, ოპოზიციის რომელიმე კანდიდატის მიერ დამაჯერებელი შედეგის დადების შანსები, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად და პარლამენტს რუსთავიდან კიდევ ერთი საინტერესო ადამიანი შემოუერთდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ლელო” შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის დასახელებას აპირებს. საუბარია მის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელებაზეც.
ცნობისთვის, ჯაფარიძეს გუშინ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, სადეპუტატო მანდატი შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები