იენს სტოლტენბერგი: მინისტერიალი იქნება პლატფორმა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დაგეგმილი მინისტერიალი იქნება პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ.

“ეს მინისტერიალი ევროპის უსაფრთხოების კრიტიკულ სიტუაციაზე იქნება ფოკუსირებული, მაგრამ გვექნება სხვა შეხვედრებიც. ჩვენ შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან. ეს იქნება პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. ჩვენ ასევე შევხვდებით ჩვენს ახლო პარტნიორებს, შვედეთსა და ფინეთს. ასევე, გაიმართება ნატო-ს ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის რეგულარული შეხვედრა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც მან ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი არ წყვეტს – ვინ გაწევრიანდება ორგანიზაციაში და ვინ არა, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები იღებენ.

“რუსეთი არ წყვეტს, ვინ გახდება ნატო-ს წევრი და ვინ – არა. ჩემი გზავნილია, რომ ეს 30 მოკავშირის გადასაწყვეტია და ეს არის პრინციპული საკითხი, რომელსაც ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს. ეს ეხება ევროპის ყველა ერის უფლების პატივისცემას – აირჩიოს საკუთარი გზა, უნდათ თუ არა, მათ მიეკუთვნებოდნენ ორგანიზაციას, თუ არ სურთ, იყვნენ ნატო-ში. ფინეთი და შვედეთი, ნატო-ს ახლო პარტნიორები არიან და მათაც ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ, რა თქმა უნდა, ნატო ვერ მოაწერს ხელს იურიდიულად რუსეთთან სავალდებულო შეთანხმებას, რომ ნატოს შემდგომი გაფართოება არ მოხდება. ასე რომ, ეს სცილდება უკრაინას. რა თქმა უნდა, ეხება უკრაინას, მაგრამ ასევე ევროპის სხვა სუვერენულ ქვეყნებს – პრინციპს, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა. ეს პრინციპი გაწერილია არა მარტო ნატო-ს წესდებაში, არამედ ჰელსინკის საბოლოო აქტში”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები