გურამ მაჭარაშვილი: როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, ისე წევრები, თავიანთ ფუნქციას მაღალ პროფესიონალურ დონეზე შეასრულებენ
ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ზუსტად იმ პროცედურით აირჩიეს, რომელიც კანონმდებლობაში შესული ცვლილებითაა დადგენილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩეული პირები პასუხისმგებლობით შეასრულებენ მოვალეობას.
„მიგვაჩნია, რომ როგორც თავმჯდომარე, ისე წევრები, თავიანთ ფუნქციას მაღალ პროფესიონალურ დონეზე შეასრულებენ. 2021 წლის არჩევნები, პრაქტიკულად, არსებული თავმჯდომარის პირობებში ჩატარდა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ მომავალ არჩევნებზეც და, ზოგადად, ცესკო-ს მუშაობას საკმაოდ კარგად გაუძღვება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი აირჩია.