დავით უსუფაშვილი: ნუ ვიქცევით პოლიტიკური „ფეიკ” მართლმსაჯულების აღმასრულებლებად

????????????????????????????????????

„სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ „ფეიკი” ბრალდებით იმიტომ, რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რაზეც სასამართლომ დააფუძნა განაჩენი, სადაც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, დავით უსუფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატი ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

„იმედი მქონდა, რომ ამ საპარლამენტო მოწვევის საქმიანობის განვლილ წელიწად-ნახევარში ყველა გავიაზრებდით და დავინახავდით, რომ პარლამენტში საჭიროა მუშაობა და არა ხელების გადაგრეხა, არა ვიწროპარტიული ინტერესების მიღწევა.

მაგრამ, დღეს, როგორც ჩანს, ამ დარბაზში კვლავ ამ ამის მანიფესტაცია შედგება. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შევახსენო ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან. განსაკუთრებით, მათ, ვისაც არ სჯერა, რომ ბადრი ჯაფარიძის მანდატის მსხვერპლად შეწირვა სამშობლოსთვისაა აუცილებელი – ვხედავ მე აქ ხალხს, ვინც ასე უყურებს საქმეს და ასე წარმოუდგენია, რომ ქვეყნისთვისაა საჭირო. იმ ხალხს მივმართავ, ვინც კარგად იცის, რომ სამი წლის განმავლობაში საქართველოში საზოგადოება იყო მოწმე სწორედ „ფეიკ” სასამართლო პროცესის. სამი წლის განმავლობაში, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდნენ. სწორედ „ფეიკი” ბრალდებით. რატომ? იმიტომ რომ სხვა ვერაფერში ბრალს ვერ დასდებდნენ და პროკურორმა უარი თქვა სხვა მუხლებში ბრალის დადებაზე, რომელშიც მერე სასამართლომ დააფუძნა განაჩენი. ვინც შემძლე ბრძანდებით, რომ დაინახოთ სწორედ ეს „ფეიკ” მართლმსაჯულება, რომელმაც შვა ის ქაღალდი, რომელსაც ახლა ჰქვია განაჩენი და რომელშიც წერია, რომ ბადრი ჯაფარიძე დამნაშავეა იმაში, რაც დანაშაული არ არის. მგონი ეს დოკუმენტი ბევრმა წაიკითხეთ, ვისაც არ ჰქონდა წაკითხული, გამოგიგზავნეთ. პროკურორმა ბრალი ვერ აღძრა, იმიტომ, რომ ხანდაზმულიაო. ანუ, დანაშაული არ არისო.

მოსამართლემ თავის განაჩენში ჩაწერა, რომ ეს დანაშაული არ არის, იმიტომ, რომ ხანდაზმულიაო. მაგრამ, ამასობაში, ჯაფარიძე დამნაშავეაო. და ის რომ დანაშაული არ არის, ამიტომ ვერანაირ სასჯელს ვერ დავადებო, ვერც ნასამართლეობას და ასე შემდეგ. აქ კოლეგები მეუბნებიან, რომ იურისტებმა ვერანაირი დასკვნა ვერ წარმოადგინეს. დასკვნები ამ კონკრეტულ საქმეზე არის ხუთი, სხვადასხვა მხრიდან. ყველა მაგიდაზე გიდევთ. ვინც უმრავლესობაში, ჩემი ღრმა რწმენით, უმრავლესობის უმრავლესობას, არწმუნებს იმაში, რომ კონსტიტუციის ეს პუნქტი ასე რომ წერია, რომ თუ გამამტყუნებელ განაჩენში წერია, რომ ვინმე დამნაშავეა, პარლამენტიდან უნდა გავაძევოთო, მეგობრებო, ამ კონსტიტუციაში, მგონი, სხვასაც გაეგება რამე. კონსტიტუციაში ამ ფრაზის გარდა, სხვა ფრაზა წერია კიდევ – წერია, რომ არ შეიძლება ადამიანისთვის სასჯელის დადება იმისთვის, რაც დანაშაული არ არის. პოლიტიკური „ფეიკ” მართლმსაჯულების აღმასრულებლებად ნუ ვიქცევით. ნუ ამოვეფარებით ვინმეს ზურგს, რომ მე ეს არ ვიცოდიო. ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. იმ ღილაკამდე, რომელსაც დღეს ყველამ ხელი უნდა დავაჭიროთ. დაახლოებით, ოციოდე მილიმეტრია, ისევე, როგორც სიკეთესა და ბოროტებას შორის, ტყუილს და სიმართლეს შორის, სიბნელეს და სინათლეს შორის 20 მილიმეტრია, 20 კილომეტრიანი დისტანცია არ არსებობს. ამ ოცი მილიმეტრის სწორად გავლაა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვხედავ ოცზე მეტ ადამიანს ამ დარბაზში, უმრავლესობის მხრიდან, ვიცი, რომ იცით, რომ არასწორია ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები