საქართველოში ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლა იწყება
ქვეყანაში ტყვიით დაბინძურებული წყაროების შესწავლა იწყება. ამ მიზნით, ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო), საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) და UNICEF-ის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, 4 წამყვანი ექსპერტის მისიას უხელმძღვანელებენ.
ექსპერტები გაემგზავრებიან დასავლეთ საქართველოში და 3 სხვადასხვა რეგიონიდან აიღებენ ნიადაგისა და წყლის ნიმუშებს, რომლებსაც შემდგომი ანალიზისთვის ისრაელში გაიგზავნება, შესაბამისი კვლევები პარალელურად ჩატარდება ეროვნული ცენტრის ქიმიურ რისკ ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში.
საქართველოში 2018 წ. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში განხორციელდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. კვლევის შედეგების მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის მოსახლეობაში.