კარლ ჰარცელი: დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია
დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა,
მისი თქმით, ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.
„ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
კარლ ჰარცელის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე – ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.
„ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე – საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა, აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე – ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი – ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.