ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს და ერთხმად დაამტკიცეს.
„სამოქმედო გეგმით მუშაობა კარგი პრაქტიკაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული იმპროვიზაციები როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით არ შეიძლება. აქტუალობიდან გამომდინარე, შეიძლება მოხდეს განსახილველი საკითხების განახლება, დამატება და ა. შ. სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს თემატური მოხსენებები წარმოადგენს. თემატური მოხსენების ფორმატით კონკრეტული პრიორიტეტული საკითხის შესწავლა, დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მოხდება,” – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის სხდომაზე ასევე ახალი საკანონმდებლო ინიცირება განხორციელდა, რომელიც მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შეიმუშავა კომიტეტმა. საკანონმდებლო ინიციატივა ეხება ბუპრენორფინის დოზების განსაზღვრასთან დაკავშირებით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას რამდენიმე თვის წინ დაუჭირა მხარი და უკვე შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს წარედგინება.