რომან გოცირიძე: ინიციატივაზე, რაზეც უგულავამ ისაუბრა, პარტიაში არ გვიმსჯელია
“პოზიციაზე, რაზეც უგულავამ ისაუბრა, პარტიაში არ გვიმსჯელია. ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია, რომელიც ერთფეროვანი არ არის”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდეს.
გოცირიძის თქმით, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინირებაში, მაგრამ, ამავე დროს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური კონკურენტები არიან.
„ეს არის ერთ-ერთი მოსაზრება, რომელსაც შეიძლება, დაეთანხმო ან არა. ოპოზიციამ წინა არჩევნებში აჩვენა წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე მაგალითი, ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კოორდინირებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციური პარტიები ამავე დროს არიან პოლიტიკური კონკურენტები და პოლიტიკური კონკურენციის შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციური ხელისუფლება არის საქართველოს დემოკრატიული გზით განვითარების მომავალი. ამ ხელისუფლებას შეცვლის კოალიცია. რა ფორმით იქნება ეს, პარლამენტში შესვლამდე თუ შესვლის შემდეგ, ამას გვაჩვენებს პოლიტიკური პროცესი, დღეს ამ საკითხზე საუბარი, ჩემი აზრით, ნაადრევია”, – განაცხადა გოცირიძემ.