დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა რომლის მიზანია, დარგობრივი კომპეტენციის შესაბამისად, განისაზღვროს კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ასევე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კუთხით გასაწევი საქმიანობა.
პარლამენტის ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს დიასპორის, კავკასიისა და მიგრაციის კუთხით, კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს: დარგობრივი პოლიტიკის შემუშავება/განსაზღვრას; კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობას; საერთაშორისო თანამშრომლობას. მიმდინარე წელს, კომიტეტი გეგმავს ისეთი პროექტების და აქტივობების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და აღმშენებლობის საქმეში ასევე, მათ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოსთან.
გათვალისწინებულია ქართულ სათვისტომოებთან მაქსიმალურად მჭიდრო კულტურულ–საგანმანათლებლო და ინტელექტუალური კავშირების დამყარება, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, განათლების მიღებისა და ბიზნესის წარმოების ხელშეწყობა. ასევე, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და პანდემიის პირობებში, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საჭიროებების გამოვლენა და ქმედითი დახმარება. დღესვე, დეპუტატებმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღეს.