კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ წარდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები განიხილეს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილი ორი საერთაშორისო ხელშეკრულება განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობას საქართველოს სოფლებში, მათ შორის მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში.

როგორც მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის მიერ გასული წლის აგვისტოში რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) და ამჯერად ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული ხელშეკრულებების მიზანია ინდივიდუალური პირებისა და საწარმოების მიერ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის გაზრდა და მისი გამოყენების ხელშეწყობა, რისთვისაც თითოეული მხარე საქართველოს 34-34 მლნ. ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს სესხის სახით.

მომხსენებლის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში გასულ წელს უკვე მომზადდა სრულყოფილი სატენდერო დოკუმენტაცია, მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერები და მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება პროექტის განხორციელება, რომელიც 2025 წლამდე უნდა დასრულდეს 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის მშენებლობა, რომელიც 100-მდე სოფელს მისცემს მაღალხარისხიანი ინტერნეტ სერვისების მიღების საშუალებას.

დეპუტატებმა განიხილეს ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტი, „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“, რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 101 მლნ. ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფას საქართველოს რეგიონებსა და თბილისში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების, ურბანული განახლების, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს სესხის პირობები და პროექტების შესრულების ვადები გააცნო.

ორივე კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი განხილული შეთანხმებების რატიფიცირების საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები