ნატო ჩხეიძე კანონმდებლებს შრომის კოდექსში ცვლილებას სთავაზობს, რომლის თანახმად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ნაცვლად 26 მაისისა, 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს

ბიურომ პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე იმსჯელა, რომელიც კანონმდებლებს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, 26 მაისის ნაცვლად, 9 აპრილს სთავაზობს.

„ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველივე მუხლის პირველ პუნქტში წერია, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო არის 1991 წლის 9 აპრილის აქტის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას შემდეგ ქვეყანაში რიგი ტრაგედიები მოხდა და არცერთი არ აღნიშნულა, ხოლო 1995 წელს კონსტიტუციის მიღების დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში სწორედ 9 აპრილია ჩაწერილი, მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიერ, გარკვეული ისტორიკოსების ფალსიფიცირებული ახსნების საფუძველზე, დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისი დაინიშნა და არა 9 აპრილი”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

დეპუტატის თქმით, 9 აპრილი მხოლოდ გლოვის დღედ აღინიშნება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების, ხოლო 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს არა დაჩქარებული, არამედ  – ჩვეულებრივი წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები