თამარ ჩერგოლეიშვილი – გიგი უგულავაზე: ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს, ვინაა, რას წარმოადგენს?
“ტაბულას” დამფუძნებელი და “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება.
„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს, ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს?
თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა – ეს ვიცით.
მეხუთე პარტია “ევროპული საქართველოა” და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც “ქართულ მიწას არ ყიდიან” და “ჩამოთრეულებს” იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ).
“ლელო” (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას – მათი ნებაა. ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
მანამდე, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ორპოლუსიანობა არსებობს, რაც არა მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პატარა პარტიების ბრალია, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად არაფრით გამოირჩევიან.