სუს-ი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების გააქტიურების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებს ეხმიანება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

გარდა ამისა, სუს-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან და მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის გასწვრივ არსებულ საოკუპაციო ხაზზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდება თითოეული უკანონო აქტივობის იდენტიფიცირება.

“კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.
ასევე, გვსურს განვმარტოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა წარმოადგენს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები