ალუდა ღუდუშაური: რეზოლუციაში ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის და ვერც „ნაცმოძრაობის” მოსაზრებები
“დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგი და მოსაზრებები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რაც ქვეყნის მშვიდობიან მართვას გულისხმობს.
„ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს ჰყავს ძირითადი ოპოზიციური ძალები, რომლებიც რადიკალიზმითა და ვიწროპარტიული ინტერესით გამოირჩევიან. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ვერ მოახერხეს, ვიწროპარტიულ ინტერესებს გასცდენოდნენ. სამარცხვინოა, როდესაც საუბრობენ, თითქოს, შეუთანხმებელ ისეთ პირობებზე, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და სინამდვილეში ეს გახლავთ არამც და არამც არც უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერა, არამედ მათი პარტიული ამოცანა. არსად არცერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ იქცევა იმდაგვარად, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან მიკედლებულ პოლიტიკურ პარტიებს უნდათ. კარგად გვახსოვს მათი დიპლომატია – ბატონები და ქალბატონები, დიპლომატიის დედები და მამები, დიპლომატიის სტანდარტს გვიწუნებენ. მათ მიერ ნამართი ქვეყანაც გვახსოვს, მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციებიც, სამარცხვინო საქციელი. ამიტომ, თავი შეიკავონ. ჩვენ გვაქვს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა მაღალი პასუხისმგებლობით, მშვიდობიანად ვმართოთ. მათ მიერ შემოთავაზებული ვერსიები თვითონვე ეწინააღმდეგება რეზოლუციის არსს. დიდი ბოდიში, მაგრამ რეზოლუციაში ვერანაირად ვერ მოხვდება ვერც სააკაშვილის, ვერც “ნაციონალური მოძრაობის” და ვერც მათი ძმანი და დანის დღის წესრიგი და მოსაზრებები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.