საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი პირველად განხორციელდა
მიმდინარე წელს საქართველოდან იორდანიაში 11 110 სული წვრილფეხა და 350 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა. გასულ წელს კი, ასევე პირველად, განხორციელდა ხორცის ექსპორტიც.
„იორდანიის ბაზარი ერთ-ერთი მიმზიდველია და მისი გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს, როგორც ეპიზოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის და დამატებითი სტიმულია მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის“ -განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ
„იორდანიის ბაზრის გახსნას წინ უძღოდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი იორდანიის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, შარშან სექტემბერში იორდანიის დელეგაციის ვიზიტი იორდანიის მთავარი ვეტერინარის რაჩელ დოდენის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, მიმდინარე ვეტერინარულ ღონისძიებებს და კონტროლის სისტემას. შედეგად მხარეებს შორის ხელი მოეწერა და შეთანხმდა ვეტერინარული სერტიფიკატები.
2021 წელს, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ომანში, ყატარში , ბაჰრეინსა და ერაყში 339 573 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.