გივი მიქანაძე: გუბაზ სანიკიძემ თავისი პოლიტიკური საქმიანობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, მოერგოს ნებისმიერ ხელისუფლებას იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს

“ამ ადამიანმა თავისი პოლიტიკური საქმიანობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, მოერგოს ნებისმიერ ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოთხოვნილებები და ინტერესები დაიკმაყოფილოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჩამოშლილია.

„გუბაზ სანიკიძის მხრიდან ნებისმიერი განცხადება არ არის გასაკვირი. ამ ადამიანმა თავისი პოლიტიკური საქმიანობით დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, მოერგოს ნებისმიერ ხელისუფლებას მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი მოთხოვნილებები და ინტერესები დაიკმაყოფილოს. ერთ რეალობას ასახავს გუბაზ სანიკიძის განცხადება, იმას, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილი და დეზორიენტირებულია. ამის განმაპირობებელი არის, რომ თითოეულ ოპოზიციურ მიმართულებას აქვს თავისი, პირადი ინტერესი პროცესებში. რაც შეეხება გუბაზ სანიკიძის დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ, ეს მით უმეტეს არ არის გასაკვირი. ჩვენ ვნახეთ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, გუბაზ სანიკიძე და ნიკანორ მელია როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეთერში. ეს იყო საზოგადოების წინაშე პირველი მხილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით იყო განხეთქილება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა – “ძალიან დაბალი ხარისხი მაქვს ნდობის ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ. ზოგთან შედარებით ნაკლები, მაგრამ ზოგთან განულებული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი, ნოლების პარადია, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს კი ნუ ეწყინება”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები