ელენე ხოშტარია: არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით
“ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს, კაცმა არ იცის”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტი არ შეიცვლება.
“ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით, მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის. უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს. წულუკიანი რასაც კულტურაში შვება პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.
არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით.
მე პირობას ვდებ, დევნილებზეც, კულტურაზეც და შშმ-ზეც არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც”, – წერს ხოშტარია.
ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით გავრცელდა მეტროში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას სცემა.