დავით მათიკაშვილი: მოვუსმენთ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს, საუკეთესოს ამოვირჩევთ
“პროცედურულად მოვუსმენთ ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს და აუცილებლად საუკეთესოს ამოვირჩევთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა რთულია.
„როგორც მოგეხსენებათ, ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო ორი კანდიდატურა წარდგენილი. მიმდინარე კვირის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ გვექნება მათი მოსმენა კომიტეტზე, არა მხოლოდ თავმჯდომარეობის, არამედ წევრობის კანდიდატებიც იყო წარმოდგენილი 4 პირი. ჩვენ პროცედურულად მოვუსმენთ შესაბამის კანდიდატებს და აუცილებლად საუკეთესოს ამოვირჩევთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ჩვენი გამოცდილება, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იყო, გვასწავლის იმას, რომ ოპოზიციასთან, მით უმეტეს, დესტრუქციულთან ძალიან ძნელია რაიმე საერთო ენის გამონახვა. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ერთადერთი არგუმენტი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც თავისი დესტრუქციით, არათანმიმდევრული პოლიტიკითა და პროცესებით გამოირჩევა, ჰქონდა წინა კანდიდატზე, იყო ის, რომ ის დიდი დროის განმავლობაში მუშაობდა ცესკო-ში, არის მაღალი პროფესიონალი, საქმის კარგი მცოდნე, ამიტომ მათი წარმოდგენით ის ვერ იქნებოდა ობიექტური. აი, ასეთ აბსურდამდე რომ მივდივართ მსჯელობისას, ცხადია რთულია რამე კონსენსუსის მოძებნა ოპოზიციასთან. თუ ისინი საღად შეაფასებენ არსებულ რეალობას, ზოგადად წარმატებული და სწორი ნაბიჯებისადმი მეტ პრაგმატიზმსა და კეთილ ნებას გამოავლენენ, რა თქმა უნდა მსჯელობის კარი ყოველთვის ღიაა უმრავლესობის მხრიდან“,- განაცხადა მათიკაშვილმა.