კელი დეგნანი: დაძაბულობა რუსეთმა შექმნა, ვართ დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რუსეთის აგრესიის უკან, საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსეთის შეხედულებებს მოისმენენ და პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად დიპლომატიურ გზებს გამოიყენებენ.

“ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად.

ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი და ეს დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ – იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რამაც ევროპას, მათ შორის, საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა.

კელი დეგნანის განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გამართავს.

„აშშ-ის მიზანი არის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას დიპლომატიური გზებით, სწორედ ამიტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ასევე, ენტონი ბლინკენი შეხვედრას გამართავს დღეს ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან ერთად მაგიდასთან დაჯდომას, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები