ლაშა დარსალია: რაც უფრო მკაფიო და პირდაპირია საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა, უფრო ზურგგამაგრებულია ჩვენი დელეგაცია ნებისმიერ მოლაპარაკებათა პროცესში

“ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს აქვთ მიდგომა, რომ საქართველოზე ყველა საკითხი საქართველოსთან კონსულტაციებით უნდა გაიარონ”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მკაფიო და პირდაპირია პარტნიორების მხარდაჭერა, საქართველოს დელეგაცია ნებისმიერ მოლაპარაკებათა პროცესში უფრო ზურგგამაგრებულია.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ნატოში ასეთ რთულ ვითარებაში უკვე მხარდაჭერის გამოხატულებაა. პარტნიორებს აქვთ მიდგომა, რომ საქართველოზე ყველა საკითხი საქართველოსთან კონსულტაციებით უნდა გაიარონ. მკაფიოდ არის გავლებული წითელი ხაზები. პირველ ყოვლისა, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ისევე – როგორც მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიმდინარეობს პირდაპირ აისახება ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესზე. რაც უფრო ღია, მკაფიო და პირდაპირია საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერა, უფრო ზურგგამაგრებულია საქართველოს დელეგაცია ნებისმიერ მოლაპარაკებათა პროცესში. რა თქმა უნდა, ეს ეხება ჟენევის დისკუსიებს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე და კონკრეტულ ნაბიჯებს განვიხილავთ თუ სად არის დღეს საქართველო და უახლოეს მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ასპირანტი დაუახლოვდეს საბოლოო მიზანს, ანუ ნატო-ს წევრობას“, – განაცხადა დარსალიამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დღეს ბრიუსელში ვიზიტს იწყებს. ვიცეპრემიერს დღეს შეხვედრები ნატო-ს მთავარ შტაბბინაში აქვს დაგეგმილი. დავით ზალკალიანი შეხვედრას გამართავს ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან, დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები