“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა რვა ახალი სტუდენტური კლუბი შექმნეს
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივით, საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებისა და აქტივობების ორგანიზების მიზნით „ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა რვა ახალი სტუდენტური კლუბი შექმნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპის უნივერსიტეტი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტურ გაერთიანებებს შეემატა ისეთი კლუბები, როგორებიცაა: • გარემოსდაცვითი კლუბი, რომლის მიზანს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა ეკო-აქტივობების დაგეგმვა წარმოადგენს; • ინგლისური ენის პრაქტიკული კლუბი – რომლის მიზანია სტუდენტებში სასაუბრო ინგლისურის პრაქტიკის შესაძლებლობის შექმნა; • ლივინგსტონი – მკითხველთა კლუბი, რომელიც ლიტერატურული ნაწარმოებების მხატვრულ ოდისეაში მოგზაურობას გპირდებათ; • ციფრული მარკეტინგის კლუბი – რომლის მიზანი ციფრული მიმართულებებით სტუდენტების კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობაა; • ფსიქმიქსი – რომლის მიზანია ფსიქოლოგიის სტუდენტთა შეჭიდულობის, პოზიტიური ინტერაქციისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; • ახალი თაობის კვლევითი მეთოდები – სამედიცინო სამეცნიერო სტუდენტური კლუბის მიზანია თანამედროვე კვლევითი მეთოდების შესახებ სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება და კვლევითი აქტივობების გააქტიურება. ფოტოგრაფიის კლუბი – მიზნად ისახავს ფოტოგრაფიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის თვითგამოხატვისა და განვითარების სივრცის შექმნას, საერთაშორისო სტუდენტებისათვის კი შესაძლებლობას, რომ ფოტოგრაფიის კლუბთან ერთად გაეცნონ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს; • სპორტული და კულტურული აქტივობები – კლუბის მიზანია სტუდენტებში აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, სეზონური სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებითი აუთდორ აქტივობების დაგეგმვის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული სტუდენტური კლუბების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების წახალისებისათვის, მათი პიროვნული, პროფესიული, ინტერპერსონალური და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის, – აღნისნულია ინფორმაციაში.