“შანსი იმისა, რომ ინფიცირებულის სიკვდილი გამოიწვიოს, 91%-ით ნაკლებია” – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ახალი კვლევა “ომიკრონზე”

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა “კოვიდ-19”-თან დაკავშირებით ახალი კვლევის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, “ომიკრონის” ვარიანტი დაავადების გამწვავების „არსებითად შემცირებულ რისკს“ ფლობს, ვიდრე – “დელტა” ვარიანტი. ამასთან, შანსი იმისა, რომ ინფიცირებულის სიკვდილი გამოიწვიოს, 91%-ით ნაკლებია.

CDC-მ “ომიკრონით” ინფიცირებული 70 000-ზე მეტი კალიფორნიელი გამოიკვლია და დაადგინა, რომ მათი ჰოსპიტალიზების საჭიროების შანსი განახევრებული იყო “დელტა” შტამით ინფიცირებულებთან შედარებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრის საჭიროება კი  75 %-ით შემცირებული.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულებს, იქ ყოფნის დრო მათთვის დაახლოებით 70%-ით არის შემცირებული – მკურნალობის საშუალო დრო 1,5 დღეს შეადგენს, რაც “დელტა” ვარიანტით ინფიცირებულთა შემთხვევაში ხუთი დღეა.

კვლევის მიმდინარეობისას “ომიკრონით” ინფიცირებული სამჯერ მეტი ადამიანი შეისწავლეს, არცერთ მათგანს საავადმყოფოში ფილტვების ვენტილატორი არ დასჭირვებია მაშინ, როცა “დელტა” შტამით ინფიცირებული გაცილებით ნაკლები ადამიანის შემთხვევაში, ის 11 პაციენტს დასჭირდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, “ომიკრონით” ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა, რაც 91 პროცენტით შემცირებას ნიშნავს თუ შევადარებთ “დელტა” შტამით ინფიცირებული 16 982 ადამიანიდან 14-ის სიკვდილს. აღსანიშნავია, რომ კვლევაში არ წერია, რა ასაკის იყვნენ გარდაცვლილები ან იყვნენ თუ არა ისინი ვაქცინირებულები.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის განცხადებით, ასეთი შედეგები თვითკმაყოფილების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან “ომიკრონი” უკიდურესად გადამდებია და მაღალია ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვის ალბათობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები