ელგუჯა ცომაია: პატრულმა გაგვაჩერა, მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ უკანა ფარების გამო დამაჯარიმა
“გზაში პატრულმა გაგვაჩერა, მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც. ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო, ჯარიმა გამომიწერა და წამოვედით”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზღვრის კვეთის დახმარებაში ბრალდებულმა, ელგუჯა ცომაიამ ჩვენების მიცემისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრულმა ისინი მაშინ გააჩერა, როდესაც ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.
“მიხეილ სააკაშვილმა მოდი, ბათუმში წავიდეთო, წავედით ბათუმში, ერთ ადგილას 5 წუთს იყო, მეორე ადგილასაც 5 წუთით ვიყავით და წამოვედით. უკან ვბრუნდებოდით, ღამე იყო, 9-10 საათი იქნებოდა, გზაში პატრულმა გაგვაჩერა, მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც. ვნერვიულობდი, კაცი აგერ გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, გაგახარა ღმერთმა-მეთქი. ჯარიმა გამომიწერა და წამოვედით”, – განაცხადა ცომაიამ.
პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ბრალდებულს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის გაიტაცეს.
“ხუმრობა შემიძლია? თუ ასეთი მომტაცებელი ვიყავი, ივანიშვილს მოვიტაცებდი, იმას აქვს ფული. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს მე ვერ მოვიტაცებდი”, – განაცხადა ცომაიამ.
ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.