ელგუჯა ცომაია: დამირეკა გია ლორთქიფანიძემ, მოვიდა ჩემთან და მითხრა, შევძლებდი თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადაყვანას
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული, ელგუჯა ცომაია აძლევს ჩვენებას. ის დეტალურად იხსენებს მომხდარს – ვინ დაუკავშირდა მას და ვინ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში გადმოყვანაში დახმარება.
ცომაია ადასტურებს, რომ მას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა, რომელმაც დახმარება სთხოვა.
„ერთ დღეს დამირეკა გია ლორთქიფანიძემ. მოვიდა ჩემთან და მითხრა, შევძლებდი თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გადაყვანას. მეც ვთვლი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ვინც მანდო, მადლობა მინდა, ვუთხრა. პორტის შესასვლელთან იყო ერთი ბენზინგასამართი სადგური და ვუთხარი, რომ იქ უნდა მოსულიყო. ღამე იყო ბნელოდა, მე კაბინაში ვიჯექი არც ჩამოვსულვარ. ვნახე მანქანიდან ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი. პორტში შესვლის დროს პასპორტი გამოვართვი, ის ავიდა ზევით საწოლზე, იქ არავითარი დასამალი არ არის, იქ საწოლია, ჩვეულებრივად შემოვედი გემზე. ჩვენ წამოვედით 27 სექტემბერს დილისკენ“, – განაცხადა ცომაიამ.
როგორც ბრალდებული აღნიშნავს, მისთვის დიდი პატივია, რომ მიხეილ სააკაშვილი მის სახლში იყო.
„ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო, ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა. აქვე მინდა, მთელს საქართველოს მივულოცო ახალი წელი და პირადად დედამისს. ჩემი ბრალია, რომ ასეთ მდგომარეობაში მოხვდა, მაგრამ რა ვქნათ. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს მე გადატანილი. ჰაერზე არ ვამბობ, ყველა საბუთებით მაქვს. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველმა ბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა, ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, შევძლებო რაღაც მოქმედებას, ეს იყო გია ლორთქიფანიძე. როგორ არ უნდა ვცე მაგას პატივი“, – განაცხადა ცომაიამ.
ცნობისთვის, ელგუჯა ცომაიას მძიმე დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებას ედავებიან. ის ბრალს აღიარებს.