მიხეილ სარჯველაძე: შეუწყდება თუ არა ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება, წინასწარ საუბარი არ შეიძლება
„წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხს განხილვა სჭირდება.
„წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული. განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. ფორმალური საფუძველი არის, საკითხი განხილული უნდა იყოს, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობას უნდა დაველოდოთ. ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც უალტერნატივო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი სამართლებრივი რეზულტატი იქნება, მაგრამ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს და ეს აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება, იგივე ნასამართლეობის საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ამ თვალსაზრისით გარემოებების სიმრავლეა. თავისთავად, ნასამართლობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ დეპუტატისთვის მანდატის არსებობა დაუშვებელი იყოს, რადგან ვიცით, ისეთი პირები არჩეულან, რომლებსაც ნასამართლეობა ჰქონდათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს.