ჭყონდიდის ეპარქია: მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ის კონტაქტური და ადეკვატურია.
ამის შესახებ ინფორმაციას ჭყონდიდის ეპარქია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.
”ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავი ზარი თუ შეტყობინება შემოდის – ინტერესდებიან მეუფის მდგომარეობით და უსურვებენ მალე გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, მათი სიმრავლის გამო, ვერ ვახერხებთ ყველასთვის პასუხის გაცემას, რის გამოც დიდ ბოდიშს ვიხდით. მეუფე თავს კარგად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექვემდებარება მკურნალობას და ვიმედოვნებთ, სულ მალე დაუბრუნდება მსახურებას. მეუფის სახელით, მადლობას გიხდით ყველას, ყურადღებისა და კეთილი სურვილებისთვის”, – ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება მეუფეს დიაგნოზს, საპატრიარქოს პრესსსამსახურმა 2 იანვარს მედიაში გავრცელებულ ცნობებს უპასუხა.
კერძოდ, აღინიშნა, რომ “მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას”.