ლეგენდარული ოლიმპიელი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

Viktor Saneyev, USSR (Photo by S&G/PA Images via Getty Images)

ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი –  ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ სოხუმში. 1969 წელს დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და 1973 წელს – საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

მძლეოსნობაში ვარჯიში 1956 წელს სოხუმშივე, განთიადის სკოლაში დაიწყო ცნობილი მწვრთნელის, აკოფ ქერსელიანის მეთვალყურეობის ქვეშ. თავიდან ვარჯიშობდა სიმაღლეზე ხტომაში, თუმცა, 6 წლის შემდეგ, ქერსელიანის რჩევით, სამხტომში ვარჯიში დაიწყო.

პირველი ჯილდო მალევე, 1963 წელს მოიგო, როცა მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დაიკავა; ოთხი ოლიმპიადის მონაწილე; სპორტული სამყაროს უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი; ყველაზე მეტი ოლიმპიური მედლის მფლობელი საქართველოს სპორტსმენთა შორის; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, ევროპის რვაგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი 1969-1977წწ; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი; 2001 წელს დაასახელეს მამაკაცთა შორის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მწვრთნელი – ა. კერესელიანი; 2005 წელს დაჯილდოვდა ათლეტთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედლით სპორტული მიღწევებისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

საბჭოთა კავშირის და ოლიმპიური ოქროს მედლების გარდა, სანეევს მოგებული აქვს ათენის (1969) და რომის (1974) ევროპის ჩემპიონატები; ქართველი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სამხტომში (წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი). 1992 წლიდან ავსტრალიაში ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები