ნათია თურნავა: ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს მოვთოკოთ

თუ შევადარებთ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობას 10 ან 20 წლის წინანდელ ნიშნულს, პროგრესი სახეზეა, ამაზე ციფრები და სხვადასხვა შეფასებაც მეტყველებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„სიღარიბე არის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დღეს არ დამდგარა. პანდემიამ თავისი მნიშვნელოვანი უარყოფითი დაღი დაასვა ამას, მაგრამ ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში, უახლოესი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა გარემოების გამძაფრებული და გამოწვეული პრობლემა.

დაწყებული სტრუქტურული პრობლემებით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური არეულობით და ომებით. საკმაოდ რთული ისტორია განვლო ბოლო რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველომ და ამან თავისი დაღი დაასვა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს პრობლემა ვერ დაიძლეოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, მაგრამ მთავარია ტენდენცია და ჩვენი ერთგულება სიღარიბის დაძლევის ამოცანის გადაწყვეტის მიმართ“, – განაცხადა თურნავამ.

მან ასევე გაზრდილ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა გაჭირვებულ მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს.

„მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა. წინა წლებში ფასებისა და ინფლაციის პრობლემა გლობალურად არ იყო ნომერ პირველი პრობლემა. კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს, მაგრამ ინფლაცია არასდროს იყო პრობლემა. თუ გადავხედავთ, ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, რაც ევროპული დონეა. ეს პრობლემა 2020 წელს გაჩნდა და 2021 წელს გამძაფრდა, რადგან პანდემიამ მოიტანა, სხვა რა მოხდა განსხვავებული ისეთი, რაც წინა ათწლეულში მოხდა?“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ინფლაცია კომპლექსური პრობლემაა, ამიტომ ერთი პასუხისმგებელი უწყების გამოკვეთა არასწორი იქნება. მისი თქმით, მთელი ეკონომიკური გუნდი ატარებს ღონისძიებას, რათა ფასები მოითოკოს.

„ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ ნორმალურ, 3-4%-იან ნიშნულზე იქნება. რაიმე სხვა სერიოზული, ფუნდამენტური საფუძველი ჩვენს ეკონომიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არის მართლაც კონკრეტული გამოწვევით განპირობებული”, – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

„პრემიერ – მინისტრის დავალებით ამას წინ უძღოდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აქტიური მუშაობა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა მედიკამენტების ბაზარი და ეს სექტორი. პრობლემების გამოწვევის ნიშნებიც გამოიკვეთა და დეტალური ანალიზი გაკეთდა. ამის საფუძველზე, მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფასწარმოქმნა დარეგულირდება და არ იქნება უცნაური ფენომენი, როდესაც საქართველოში 3-4-ჯერ უფრო ძვირი ღირს წამალი, რომელიც მეზობელ თურქეთში იაფი ღირს. ამასთან დაკავშირებით, იქნება აღებული სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი. ისეთი განსაკუთრებული აქ არაფერი დაწესდება, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ჩვენთვის ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ამის შედეგს მოსახლეობა ძალიან მალე ნახავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები