ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტები განიხილა.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიას ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობა მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის დადგენას და კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავების ვალდებულებას საქართველოს მთავრობისათვის 2022 წლის 1 იანვრამდე ითვალისწინებდა.

კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით კი, აღნიშნული ვადის გადავადება 2025 წლამდე ხდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, „სოციალურ კოდექსზე” მუშაობენ. იმის გათვალისწინებით, რომ „სოციალური კოდექსის” შემუშავების პროცესში სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბდება, მიზანშეწონილია, რომ მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის საკითხები „სოციალური კოდექსით” გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ღონისძიებების ერთიან კონტექსტში დარეგულირდეს. ვინაიდან, „სოციალური კოდექსის” შემუშავება დაგეგმილია 2023-2024 წლებში, მიზანშეწონილია, სწორედ ამ ვადამდე გადაიდოს მსხვერპლთათვის/სავარაუდო მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შემუშავება, რათა კომპენსაციის გაცემის წესით გათვალისწინებული საკითხები შესაბამისობაში იყოს „სოციალური კოდექსით” დადგენილ პრინციპებთან, აღნიშნა მომხსენებელმა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონში, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლისთვის/სავარაუდო მსხვერპლისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულების ამოქმედების გადავადებას ასევე 2025 წლის 1 იანვრამდე. ინიციატორი კანონპროექტების განხილვას და მიღებას შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებული წესით ითხოვს. კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები