ლონდა თოლორაია: მივმართავ პარლამენტს, შეწყდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი

“ნაცვლად იმისა, საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული გაუქმების ძალიან სახიფათო პროცესი”, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

თოლორაიამ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს მიმართა.

“მივმართავ საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესი; ამის ნაცვლად, განხილული იქნეს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2 წლის წინ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც რეალურად ემსახურება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას; ასევე, დაინიცირდეს და განხილული იქნეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 3 დღის წინ, 24 დეკემბერს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ემსახურება მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული რეალური პრობლემების მოგვარებას, ასევე, ვთხოვ, საერთაშორისო საზოგადოებას, სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველს, საზოგადოების წევრებს, სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ჩაერთონ საკითხის განხილვაში, რადგან საქმე ეხება მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას ამ კრიტიკულ დროს სამსახურის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები