ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა ღია პარლამენტის გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა, ღია პარლამენტის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების განხილვის მიზნით, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას საპარლამენტო ცხოვრებაში, პარლამენტის ღიაობის აქტუალურ საკითხებზე ყოველწლიური კონფერენციის მოწყობას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საპარლამენტო ღიაობის ინიციატივის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხება, შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ვალდებულებებით გაწერილი აქტივობების შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელეს, დასახეს გეგმები მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების ხედვის და სამოქმედო გეგმის შემუშავების, ფართო საზოგადოებისთვის საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულობის მექანიზმების გაცნობის, საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის თაობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მასშტაბით დიალოგის წარმართვის თაობაზე. „მნიშვნელოვანია როგორც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა საპარლამენტო საქმიანობაში და პარლამენტის დაახლოება თითოეულ მოქალაქესთან, ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ ღიაობის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ინიციატივების აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებისათვის გაზიარება.

ვინაიდან რეგიონში საპარლამენტო ღიაობისა თვალსაზრისით მეტწილად ერთნაირი გამოწვევებია, ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება როგორც ერთმანეთის მიღწევების გაცნობა და გამოწვევებზე ერთობლივი მიდგომების შემუშავება, ასევე პარლამენტის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა,” – აღნიშნა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მაკა ბოჭორიშვილი, ეკა სეფაშვილი, თეონა აქუბარდია, გიორგი ამილახვარი, ასევე საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები