კალაძე: შერიგების პროცესი მარცხისთვისაა განწირული, „ნაციონალური მოძრაობის“ შიმშილობას “უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს” დავარქმევდი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შერიგების პროცესი, რომლის წინაპირობაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, მარცხისთვისაა განწირული.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ შიმშილობის დაწყება “უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლად” შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

​„რაც შეეხება შერიგებას, ჩვენ რა განცხადებებსაც ვისმენთ დესტრუქციული ძალებისგან, ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. რაზეა საერთოდ საუბარი – წინაპირობა აქვთ, შერიგება თურმე მდგომარეობს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ. ეს პროცესი თავიდანვე განწირულია მარცხისთვის. რაზე უნდა მქონდეს მე დაპირისპირება, მაგალითად, გიგა ბოკერიას პარტიასთან, ან „ლელოსთან“? საკრებულოშიც ვთქვი, რომ მზად ვარ ჩავერთო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში. ყველაფერს ხომ მერია და მერი ვერ გააკეთებს? შეიძლება, რაღაცაში მეც ვცდები – შეიძლება ვიღაცამ რაღაც შემისწოროს ან რჩევა მომცეს. მერე რა, რომ ოპოზიციონერია და სხვა პარტიას წარმოადგენს? იქ იყო შეურაცხყოფა და განცხადებები, რომ თუ სააკაშვილს არ გავათავისუფლებთ, საერთოდ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. გაუგონარია, ამ ქვეყნად არ არიან, რეალობის აღქმის სერიოზული პრობლემა აქვთ.

ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაშია, მათ გადაწყვეტილებას, რომელიც შიმშილობასთან დაკავშირებით მიიღეს, უნიჭოდ დადგმულ თეატრს დავარქმევდი. რა შედეგს ელოდებიან არ ვიცი. შინაარსობრივად, იდეოლოგიურად ეს ადამიანები საზრდოობენ ნეგატივითდესტრუქციით. ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე მიდიან. ფაქტი არის ძალიან მარტივი – სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ქართულ პასპორტზე, ეს წარმოგიდგენიათ რამხელა შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნის, ხალხის? არავის დაჭერა არავის უხარია, მაგრამ როდესაც დანაშაული გაქვს ჩადენილი და ხარ მთავარი შემოქმედი იმ ბოროტების, იმ სისხლიანი 9 წლის, პასუხი უნდა აგო. ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერ უნდა გაბედოს თავისი მოსახლეობის მიმართ ჰქონდეს ისეთი დამოკიდებულება, რაც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები