„სოხუმში გამართული აქციის მიზანი იყო, რომ ხვალ ან ზეგ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში სერიოზული ცვლილებები მოხდეს და წამყვანი პოზიცია ინალ არძინბამ დაიკავოს“ – გამახარია
„სოხუმში 21 დეკემბერს გამართული აქცია მიმართული იყო იქითკენ, რომ ხვალ ან ზეგ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდეს და წამყვანი პოზიცია ინალ არძინბამ დაიკავოს. არ ვიცი, ამ აქციის რიგითი მონაწილეები და თავკაცები აქციის ნამდვილ მიზანს რამდენად აცნობიერებენ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„პრობლემები აფხაზეთში ყოველთვის იყო. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, პირიქით, ახალ ეტაპზე გადავიდა. ერთი თვის წინ გამართულ ბრიფინგზე ვთქვით, რომ სოხუმში ე.წ. „სახალხო პატრიოტული კავშირი“ ჩამოყალიბდა, რომელიც აქციებისთვის ემზადებოდა, კავშირმა მიზნად სახალხო კრების მოწვევა და ბჟანიას გადაყენება დაისახა. სწორედ იმ ე.წ. „სახალხო პატრიოტულმა კავშირმა“ 21 დეკემბერს სოხუმში ძალიან ხმაურიანი აქცია მოაწყო ზუსტად იმ მოთხოვნებით, რაზეც ადრეც იყო საუბარი. მოვლენა, რაც 21 დეკემბერს მოხდა: ხალხის ქუჩაში გამოყვანა, დე ფაქტო პრეზიდენტისა და პარლამენტის შენობაზე შეტევა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ ინალ არძინბას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას და ამ ახალგაზრდა კაცის ლავროვთან შეხვედრას, რომელიც 20 დეკემბერს სოჭში გაიმართა. ეს მოვლენები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, არსებობს ყბადაღებული 45- პუნქტიანი, „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების შესახებ“ პროგრამა, რომლის 15 პუნქტი 2021 წლის ბოლომდე დასრულებული უნდა ყოფილიყო. ჯერჯერობით, არცერთი პუნქტი ჩამოყალიბებული და დასრულებული არაა. რაიმე დოკუმენტი, თუნდაც, ხელმოსაწერად გამზადებული, ამ წუთისთვის არ არსებობს. არადა, რუსეთისთვის ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის აფხაზეთის ოკუპაციას იმისთვის ახორციელებს, რომ შემდეგ მისი ანექსია მოახიდნოს. ეს სწორედ ანექსიის პროგრამა გახლავთ. რადგანაც ამ პროგრამის განხორციელება ფერხდება, ამან განაპირობა ის, რომ მოსკოვიდან ინალ არძინბა ჩამოიყვანეს და დე ფაქტო მთავრობაში საკმაოდ მაღალი პოზიცია მისცეს. ამ პროგრამის განხორციელება სწორედ მან უნდა დააჩქაროს, იქნება რა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შემადგელობაში. მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრად მისი ჩამოყვანა საბოლოო მიზანი არ არის. ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში, როდესაც ხაჯიმბა გადააყენეს და ბჟანია ე.წ. პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, ამ დროს ინალ არძინბა სოხუმში ჩამოვიდა და რაღაც პროექტების განხორციელება დაიწყო.
მინდა, წავიკითხო, თუ რა დაწერა ერთ-ერთმა რუსულმა მედიამ არძინბას სოხუმში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 2020 წლის 11 თებერვალს: „ბჟანია-არძინბას ტანდემი უახლოეს ხუთწლედში აფხაზეთში რეფორმების გატარებით დაკავდება, მთავარი ამოცანა სამუშო ადგილების შექმნა, კორუფციასა და დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, რუსული ინვესტიციებისთვის გარანტიების მიცემა იქნება. პირველ ეტაპზე, არძინბა მოსკოვიდან დაეხმარება ბჟანიას, შემდეგ კი აფხაზეთში ოფიციალურ თანამდებობას დაიკავებს, განიხილება ქვეყნის პრემიერმინისტრის პოზიცია.“ წარმოიდგინეთ, რა სიზუსტით აღიწერა ის, რაც 2 წლის შემდეგ მოხდებოდა. ის დაინიშნა არა პრემიერმინისტრად, არამედ – საგარეო საქმეთა მინისტრად. დღეს ამოცანა დგას, რომ ინალ არძინბამ მალე დაიკავოს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრის თანამდებობა.
სოხუმში 21 დეკემბერს გამართული აქცია მიმართული იყო იქითკენ, რომ ხვალ ან ზეგ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული ცვლილებები მოხდეს და წამყვანი პოზიცია ინალ არძინბამ დაიკავოს. არ ვიცი, ამ აქციის რიგითი მონაწილეები და თავკაცები აქციის ნამდვილ მიზანს რამდენად აცნობიერებენ. ეს ძალიან ხმაურიანი აქცია ამისთვის ჩატარდა“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ინალ არძინბა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს.
„წინა დღით შეხვედრა ლავროვთან შედგა. ყველა მონაცემებით, ლავროვი, რა თქმა უნდა, ამ აქციის შესახებ ინფორმირებული იყო. მან მწვანე შუქი აუნთო აქციას.
სოჭის შეხვედრაზე ითქვა, რომ გაგრძელდება ინტეგრაცია. ეს რასაც ნიშნავს, კარგად ვიცით. იმ 45 – პუნქტიანი პროგრამის შეასრულებაა ინტეგრაცია. აფხაზეთის ინტეგრაცია რუსეთის შემადგენლობაში უნდა მოხდეს. არძინბა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობს.
ახლა კი უფრო კონკრეტულად ამ აქციის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბრალდებები იქნა წაყენებული დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ: ეს მოთხოვნები საკმაოდ ნაცნობია, ეს არის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კორონავირუსული პანდემიის არაეფექტიანი მართვა, ძალიან სერიოზული ენერგეტიკული კრიზისი, ბჟანიას განცხადებები რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში კერძო საკუთრების შეძენის უფლების მინიჭების შესახებ, ასევე, ე.წ. სუვერენიტეტის ნაწილის დათმობის შესახებ. ეს იყო ძირითადი ბრალდებები, რაც იმ მიტინგზე იყო წაყენებული.
მიტინგის თავკაცები ადგურ არძინბა, ე.წ პრეზიდნეტის მოგვარე ბჟანია, ანქვაბს და ბჟანიას შეხვდნენ. მიტინგის მსვლელობისას დიალოგი გაიმართა. იქ დე ფაქტო პრემიერის, ანქვაბის გადაყენების შესახებ საკითხი პარდაპირ იყო დაყენებული. ასევე, ითქვა, რომ დე ფაქტო პარლამენტს უფლებამოსილება 1 წლით უნდა გაუგრძელდეს. ამ 1 წლის განმავლობაში კი მიღებული იყოს ახალი საარჩევნო კანონი, გაუქმდეს პრემიერის თანამდებობა და დე ფაქტო მთავრობის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდეს. დგება საკითხი: რანაირად შეიძლება, ეს თანხმობაში იყოს იმასთან, რომ ინალ არძინბამ პრემიერის თანამდებობა უნდა დაიკავოს? მათ მარტში ე.წ. არჩევნები აქვთ დაგეგმილი და ახალი დე ფაქტო პარლამენტი უნდა აირჩიონ. ოპოზიცია კი აყენებს წინადადებას, რომ ე.წ. პარლამენტს უფლებამოსილება გაუგრძელდეს. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ რა არის ამაში ჩადებული: ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ პარლამენტში 1 წლის განმავლობაში ბჟანიას იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს. პრემიერმინისტრის თანამდებობა უნდა გააუქმონ, დე ფაქტო პრეზიდენტის იმპიჩმენტი საპარლამენტო გზით უნდა მოხდეს და არა – ქუჩიდან, შენობებში შევარდნით. საქმე კიდევ ისაა, რომ არძინბას ასაკი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ ბჟანია თუ გადადგება, მისი ადგილი დაიკავოს. ამისთვის სჭირდებათ გადალაგება, გადავადება, რომ ის 35 წლის გახდეს. ამის შემდეგ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, ეს ადამიანი აფხაზეთის სათავეში დასვას. მან უნდა განახორციელოს ის გეგმა, რასაც საერთო „სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ ჩამოყალიბების პროგრამა ჰქვია“, – განაცხადა გამახარიამ.
მისივე თქმით, ახლო მომავალში დე ფაქტო მთავრობაში ძალიან სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.
„ახლა მოლაპარაკებულები არიან, რომ აქციები ახალ წლამდე შეჩერდება და შემდეგ ყველა საკითხზე დიალოგი გაიმართება. ბჟანია დაჰპირდა, გამოჰყავით წარმომადგენლები, ოღონდ ჩემზე ზეწოლას ნუ ახდენთ, მობრძანდით და ვისაუბროთო.
ფაქტია, რომ ანქვაბის საქმე ძალიან ცუდადაა. ახლო მომავალში, ახალი წლის შემდეგ დე ფაქტო მთავრობაში ძალიან სერიოზულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. აფხაზეთში მიმდინარე პროცესები იყო და არის მართვადი, ის აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად“, – განაცხადა გამახარიამ.
ცნობისთვის, 21 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ე.წ. პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს, ამის შემდეგ კი პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეებმა ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. მათ მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვეს:
ე.წ. პარლამენტის მეშვეობით, ხელისუფლებიდან ე.წ. პრეზიდენტის მოხსნის კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება;
ყველა ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივის გაყინვა ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის პროცედურის დასრულებამდე;
მეშვიდე მოწვევის ე.წ. პარლამენტში პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა;
ე.წ. პრემიერის პოსტის გაუქმების ცვლილების შეტანა ე.წ. კონსტიტუციაში;
ე.წ. პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების დამტკიცების სავალდებულო წესის შესახებ ცვლილების შეტანა ე.წ. კონსტიტუციაში;
მეექვსე მოწვევის ე.წ. პარლამენტის ერთი წლით გახანგრძლივება.
თამუნა შეყილაძე