ლაშა დარსალია: ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას დიდი ეროვნული მხარდაჭერა აქვს

“საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. მეტიც, აღნიშნულზე ჩვენს საზოგადოებაში ფართო ეროვნული კონსენსუსი არსებობს და ის საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას დიდი ეროვნული მხარდაჭერა აქვს.

„მოგეხსენებათ, ნატო-სა და ევროკავშირში წევრობას დიდი ეროვნული მხარდაჭერა აქვს. ეს მხარდაჭერა წლების განმავლობაში არის 80 პროცენტი და ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტიც. შესაბამისად, აღნიშნულზე ქართულ საზოგადოებაში კონსენსუსი უკვე შემდგარია. როგორც დემოკრატიული ქვეყანა, საქართველო უკვე მოიაზრებს თავის თავს სწორედ ამ სივრცის ნაწილად, ეს კი, პირველ ყოვლისა, საქართველოსთვის ღირებულებითი არჩევანია. მთელი ჩვენი საზოგადოება თავის თავს მოიაზრებს ამ დემოკრატიული სივრცის ნაწილად, რომლის გამოხატულებაცაა სწორედ ეს ორი ორგანიზაცია. შესაბამისად, აღნიშნულს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს. მეტიც, 21-ე საუკუნეში აბსოლუტურად მიუღებელია საუბრები ე.წ. გავლენის სფეროებზე, ექსკლუზიურ ზონებზე სხვადასხვა სახელმწიფოს და ასე შემდეგ. აღნიშნული ემსახურება მხოლოდ საერთაშორისო სისტემის დესტაბილიზაციას და ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგს“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები