“ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა, ეს გამახსენდა იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების მიერ შიმშილობის აქციის დაწყება შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის დავალება იყო.
მისივე თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, სამწუხაროა.
“ეს ინფორმაცია თუ მართლა დადასტურდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, როცა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს ასე აიძულებს მათი ხელმძღვანელი, რომ ჭამაზე უარი განაცხადონ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა და ეს გამახსენდა ახლა მე იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. ძალიან სამწუხარო ამბავია, თუ ეს მართლაც ასეა და ნამდვილად არ მახარებს ეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის”, – განაცხადა სამხარაძემ.