არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა
“მიხეილ სააკაშვილის დავალება, რომ მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, ვთვლი, რომ არის მორიგი პროვოკაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ პროტესტის ამ ფორმით ქვეყანაში ვინმემ მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს.
“მსურს, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა მოქალაქეს, მათ შორის, მათაც, ვინც პროტესტს გამოხატავს. სააკაშვილის დავალება, რომ მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, ვთვლი, რომ არის მორიგი პროვოკაცია. დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს. რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ქვეყანაში ვინმემ ამ ფორმით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს. აშკარაა, რომ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელი თემურ ალასანია საქართველოში კონკრეტული დავალებით, კონკრეტული ინსტრუქციით ჩამოვიდა და პარტიულ ტელევიზიებს დაემუქრა, რომ დაფინანსებას შეუწყვეტდა, თუ უფრო რადიკალურ მოქმედებებზე არ გადავიდოდნენ. მან იგივე ინსტრუქცია ჩამოიტანა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიმართ და, სავარაუდოდ, სწორედ ამის შედეგია, რომ ალასანიას საქართველოდან წასვლის მეორე დღესვე დაიწყო შიმშილობა. სინამდვილეში, სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა, რაც არის არა ლიდერობა, არამედ ეგოიზმი, როცა შენ ჰოსპიტალში ხარ, საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას იღებ და შენ მიმართ ყველა პირობა უზრუნველყოფილია, ხოლო ზამთარში, პანდემიის პერიოდში, საკუთარ მხარდამჭერებს შიმშილობისკენ მოუწოდებ, ეს არის ეგოიზმი და არა – ლიდერობა”, – განაცხადა თალაკვაძემ.