სოხუმში აქციის მონაწილეებმა ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს – მიღებულია რეზოლუცია

სოხუმში ე.წ.მთავრობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია გვიან ღამით რეზოლუციის დამტკიცებით დასრულდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის დაპირისპირება იყო.

თავდაპირველად, ბჟანიამ მომიტინგეებთან გასვლაზე უარი თქვა, თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მოლაპარაკებაში, ერთი მხრივ, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და, მეორე მხრივ, ე.წ. პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ალხას კვიწინია მონაწილეობდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, შეხვედრა აქციის მონაწილეთათვის უშედეგოდ დასრულდა, რადგან შემდგომ რეზოლუცია იქნა მიღებული, რომლის მიხედვით ოპოზიციამ მოითხოვა:

-პარლამენტის მეშვეობით ხელისუფლებიდან პრეზიდენტის მოხსნის კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება;

-ყველა ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური ინიციატივის გაყინვა პრეზიდენტის გადადგომის პროცედურის დასრულებამდე;

-მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პარტიების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა;

-პრემიერის პოსტის გაუქმების ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში;

-პარლამენტის მიერ მთავრობის წევრების დამტკიცების სავალდებულო წესის შესახებ ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში;

-მეექვსე მოწვევის პარლამენტის ერთი წლით გახანგრძლივება.

დოკუმენტის მიღების შემდეგ, აქცია დაიშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები