„გაილამაზეთ დღე… იყავით უპირველესად – საკუთარი თავისთვის სასურველები“ – რას ურჩევს ქალბატონებს თვითნასწავლი ხელოვანი და როგორ იქნება შარფები, ცნობილ მხატვართა ნამუშევრების გამოსახულებით…

5 წელია ხელნაკეთ  აქსესუარებს ქმნის. პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ხელსაქმე მუდამ იყო და მისთვის ყველა ახალი რამის შექმნა  უკვე საინტერესოა.
ბეჭდები, შარფი, სამაჯურები… მის გვერდზე უამრავ ორიგინალურ სამკაულს იპოვით, ამ ბოლო დროს კი აბრეშუმის შარფებმა გაიტაცა – ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოსახულებით.
გეგმებიც აქვს, მთავარია ხალისი და შესაძლებლობა იყოს.თვითნასწავლი ხელოვანის, ლიკა ნადირაშვილის პერსონა.

ბებიისგან შეგიყვარდათ ხელსაქმე…
– ბავშვობა თვითონ უკვე საინტერესო რამაა და ბავშვობის წლები უბრალოდ – უნიკალური. ის სილაღე, უდარდელობა და სიმარტივე ბევრი საკითხისადმი –  ყველაზე მეტად მენატრება ხოლმე. ყველაზე საინტერესო კი ბებოებთან და ბაბუებთან გატარებული დღეები იყო საქართველოს სხვადასხვა წერტილში. საკუთარი თავის გამოცდა ამა თუ იმ მიმართულებით, ინეტერესების აღმოჩენა და შენი თავის პოვნა.
– პროფესიით ეკონომისტი ხართ, მაგრამ მაინც ბოლოს, ხელსაქმის სიყვარულმა გადასძალა, ხომ?
– ჩემი პროფესიის არჩევა ტექნიკური განხრით სრულიად გააზრებული მქონდა, მათემატიკის ინტერესმა და სიყვარულმა ამარჩევინა საგამოცდოდ მეოთხე საგანი. ამის შემდეგ კი აღმოვჩნდი ტექნიკურ ფაკულტეტზე, თუმცა აქაც ვიპოვე შემოქმედებითი სფერო და მარკეტინგის მიმართულებით წავედი. ხელსაქმეს რაც შეეხება, ალბათ ყოველთვის იყო ჩემს ცხოვრებაში ეკონომისტობამდეც და შემდეგაც.
– 5 წელია ხელნაკეთებს ამზადებთ, თქვენი გვერდიც გაქვთ – Ln’s Accessories. რას ამზადებთ და უმეტესად რაზეა მოთხოვნილება?
– ჩემი გვერდისადმი განცდა რაღაცნაირად ასოცირდება შვილთან. დიდი შრომის და, ამასთანავე, სიამოვნების ნაზავია. როცა გადავხედავ ძველ ნამუშევრებს, ცხოვრების იმ კონკრეტულ მომენტებში მაბრუნებს, როცა ისინი იქმნებოდა. იყო სწრაფი აღამავლობაც, სტაბილურობაც და რეგრესიც, ყველაფერი ცოცხალი ორგანიზმის კანონებით ხდება  და კიდევ უფრო ორგანულია ეს ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვა, ვამზადებ იმას, რაც იმ კონკრეტულ მომენტში  „საჭიროა“.
– მუშაობის პროცესი და მასალები.
– ხანდახან არსებული მასალებით ვცდილობ ახალი ნამუშევრის შექმნას, არის პირიქითაც, ნამუშევრის მიხედვით ვიძიებ მასალებს. ბევრ ადამიანს სჯერა სიმბოლოების და მინიშნებების, თუ შენ შეგიძლია შესთავაზო მათ სასურველი ნაკეთობა, სასურველი სიმბოლური დატვირთვით, რატომაც, არა? ამ პროცესში კი შენც სწავლობ ახალს და ნელ-ნელა ყალიბდები კომპეტენტურ პიროვნებად.
– ორიგინალური აბრეშუმის შარფები და ცნობილ მხატვართა ნამუშევრები… როგორ მზადდება ეს შარფები და საახალწლოდ რას შესთავაზებთ მომხმარებელს?
– დღეს ჩემი ენერგია უფრო აბრეშუმის შარფებზეა მიმართული. ექსპერიმენტები და  შარფებზე გადატანილი ცნობილ მხატვართა ნამუშევრებისთვის ფერების შეხამება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ადრე უმეტესად ჩემი გემოვნებით შექმნილ შარფებს ვთავაზობდი მომხმარებლებს, ახლა კი მათი მოწოდებული ფოტოს გაცოცხლებაც შესაძლებელია.
–  საინტერესოს რას გაიხსენებთ?
– თითქმის ყველა ახალი რამის შექმნა  უკვე საინტერესოა. როცა კონკრეტულ შეკვეთაზე 1 კვირამდე გიწევს მუშაობა, ყველა დეტალის სრულყოფა და ის შეცდომებიც, რომლებსაც ამ პერიოდში ვუშვებ, საინტერესოა.
– ახალი წელი მოდის…
– ერთი  მომხმარებლის გახარება უკვე მოვასწარი და, მგონი, მე უფრო გავიხარე იმ პროცესით და შედეგით, რაც ამ შეკვეთის დროს მივიღე. ეს იყოს საახალწლო ნაძვის ხის ტრანსფორმაცია, მართლაც – ძალიან განსხვავებულის და ორიგინალურის. რამე კონკრეტული შეთავაზება 2022 წლის შესახვედრად არ მაქვს, თუმცა ყოველთვის „ღია“ ვარ ახალი და ძველი იდეების განსახორციელებლად.
– ჰობი…
Ln’s accessories – ეს გვერდი მთლიანად ჩემი ჰობია, თუმცა მანამდე ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი სპორტული აქტივობა და შესაბამისად – ჰობი. გამორჩეულად იყო ფეხბურთი. ჩემი არცთუ ისე ახალი ჰობია – სამაგიდო თამაშები. პანდემიამდე აქტიურად ვმოგზაურობდი  საქართველოში  და – არა მარტო. ახალ კულინარიულ გამოცდილებებსაც უფრო ჰობად ვთვლი ამ ეტაპზე.
– ოჯახი…
– ფუნდამეტი ჩემს ცხოვრებაში…
– ნატვრა…
– მოძრაობის სურვილი… არ მინდა ოდესმე გავჩერდე და  ხალისი და შესაძლებლობა დავკარგო.
შეიტანე ფერები და გაილამაზე დღე ზოდიაქოს ქვებით“, – გიწერიათ თქვენს გვერდზე. კიდევ რას ურჩევდით ქალბატონებს?
– იყვნენ თავდაჯერებულები და უპირველესად – საკუთარი თავისთვის სასურველები, ხოლო ამას ზოდიაქოს ქვების სიფერადით შეძლებენ თუ გემრიელი ფინჯანი ყავით, ეს თვითონ უკეთ იციან…
პანდემია და ხელოვნება, დადებითად იმოქმედა თქვენზე თუ პირიქით – რამდენად ნაყოფიერი იყო თქვენთვის ბოლო წლები?
– სამწუხაროდ, ეს სფერო არ აღმოჩნდა იმ კატეგორიაში, რომლისთვისაც პანდემია ნაყოფიერი იყო, თუმცა პირადად ჩემთვის სხვა მიმართულებით ნაყოფიერად შემიძლია ჩავთვალო.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– მთლიანად ამ კითხვაზე პასუხი განწყობის საკითხია. ამ ეტაპზე გეგმის სახით რაიმე განსაზღვრული არ მაქვს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ, ვინ იცის…

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები