ლაშა დარსალია: როგორც უნდა განვითარდეს პროცესი პარტნიორ ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ეს საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება
“საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები არის მხოლოდ საქართველო-ნატო-ს გადასაწყვეტი. ქვეყნის ევროინტეგრაცია არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი და ფართო ეროვნული კონსენსუსი არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც უნდა განვითარდეს პროცესი პარტნიორ ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ეს საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.
„შესაბამისად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს ნაბიჯები შეუქცევადია და საქართველოს მხრიდან არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა გადაწყვიტოს ნატო-ში წევრობის საკითხი, ეს ცალსახად ნატო-ს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციაზე რადიკალური იყო, მისთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იყო. დარწმუნებული ვართ, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესი პარტნიორ ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ეს საქართველოსა და უკრაინის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. აღნიშნულ საკითხში ეჭვი არ მეპარება. რაც შეეხება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, კონსულტაციები მიმდინარეობს პარტნიორებთან არა მხოლოდ ახლა, არამედ მთელი პერიოდი, რაც ვითარება საკმაოდ რთულია. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ფართო კონსულტაციებში ვართ ჩართულნი“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.