ანა ნაცვლიშვილი: ერთადერთი, რაზეც შეგვიძლია, ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება
“არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება არის რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი”, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარი ახლა მხოლოდ შეთანხმებაზეა შესაძლებელი.
“როცა ვსაუბრობთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ ტერმინები და დავაკონკრეტოთ, ვინ რას გულისხმობს ამ ინიციატივაში. ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მხრიდან შეხვედრებს ცალკეულ პარტიებთან და ამის შემდეგ მგონია, რომ საკუთრივ მისი ხედვა ისევე, როგორც ჩვენი, გახდება უფრო ნათელი. მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე არსებობს შერიგების რესურსი, შერიგება ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი. ჩვენ ერთადერთი რაზეც შეგვიძლია, ამ ეტაპზე ვისაუბროთ, არის შეთანხმება. გიკვირთ ირაკლი კობახიძის განცხადებები? – მე არა. ხელისუფლება აძლიერებს პოლარიზაციას და საჭიროა ექსტრაორდინალური გამოსავლები, ჩვენ გვჭირდება შეთანხმება ქცევის ძირეულ წესებზე. მარტივი იქნება ეს პროცესი? – არა, საჭიროა? – კი”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.