„სათამაშო ბიზნესი სახელმწიფოს მიმართ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებს, ბიზნესი უნდა დარეგულირდეს, სახელმწიფოს ნება მისასალმებელია“ – თამარ ჯაფარიძე
სამოქალაქო მოძრაობის – „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ” დამფუძნებლის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, დაგეგმილი რეგულაციების გამო, სათამაშო ბიზნესი სახელმწიფოს მიმართ შანტაჟსა და მუქარას ახორციელებს.
ამის შესახებ ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი უნდა დარეგულირდეს და ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს ნება მისასალმებელია.
„თქვენთან დღევანდელი შეხვედრის აუცილებლობა განაპირობა იმ ვითარებამ, რაც საკომიტეტო მოსმენებზე „აზარტული და მომგებიანი თამაშობების კანონპროექტთან“ დაკავშირებითაა ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარი ბიზნესია. მის წარმომადგენლებს აღებული აქვთ მიმართულება და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს არ დაუფინანსებენ სპორტულ ღონისძიებებს, გარკვეულ საქველმოქმედო საქმეებს და ა.შ. ეს ცალსახად სახელმწიფოს მიმართ გაცხადებული შანტაჟი და მუქარაა.
რამ გამოიწვია აუცილებლობა იმისა, რომ სახელმწიფომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა? დღევანდელი სოციალური მდგომარეობა უმძიმესია და ამ სოციალურ ფონს სათამაშო ბიზნესი ამძიმებს. რომ არა ის 600 000-ზე მოთამაშე და მის უკან მდგომი თუნდაც 2 ადამიანი, ალბათ, ეკონომიკა უფრო წინ იქნებოდა. სათამაშო ბიზნესოპერატორებთან მოგება მილიონობით წავიდა. მეორე მხარეს კი გაღარიბებული ოჯახებია.
სათამაშო ბიზნესის მესვეურებმა უნდა უნდა გაიგონ, ამ ბიზნესის დარეგულირება პოლიტიური ნებაა, გამომდინარე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან, საზოგადოების მოთხოვნიდან.
სამართლებრივი კუთხით ეს რომ გაუმჭვირვალეა და ჰაერშია გამოკიდებული, ამაზე სადავო არაფერია. ჩვენს ქვეყანაში სუიციდები, ძარცვა- ყაჩაღობა, თაღლითობა გამოძიების და სასამართლოს მხრივ რომ იფილტრებოდეს, ვნახავდით, რომ უმძიმესი შედეგი იქნებოდა. ყველა მძიმე სამართალდარღვევა ლუდომანისგნ, დამოკიდებული პირისგან, უკონტროლო ქცევისგან მოდის.
ჯანდაცვის კუთხით უმძიმესი მდგომარეობაა – დამოკიდებულ ადამიანებს სახელმწიფო ვერანაირ სერვისს ვერ აძლევს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრიდან, თუნდაც 10 % წავიდეს ჯანდაცვის სექტორში, სახელმწიფო ხაზინის გავლით და ამ ადამიანებს მკურნალობის საშუალება მიეცეთ.
სათამაშო ბიზნესი ნამდვილად უნდა დარეგულირდეს, მისასალმებელია სახელმწიფოს ნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი 17 დეკემბერს დაუჭირა.
პროექტი, აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს.
ცვლილებებით, ასევე, განსაზღვრულია დამოკიდებულ და აკრძალულ პირთა სიის განმარტება, რეგულირდება ონლაინთამაშების რეკლამირება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.
„კანონპროექტის მიზანია, რომ მაქსიმალურად შეეზღუდოს წვდომა იმ რისკჯგუფებს და იმ სეგმენტს, რომელიც არის ძალიან მოწყვლადი და არ მოხდეს წახალისება ამ სექტორის და ამ ბიზნესის. ძალიან მიკვირს, როდესაც უნდათ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. იმისთვის, რომ ტელევიზიების ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული, შევეცადეთ მაქსიმალურად მიგვეცა ის მოცემულობა და ის დრო, რომელიც გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო. ჩვენი მხრიდან, ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, ის რიტორიკა, რომლითაც უნდათ კანონპროექტი დააზიანონ და საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ, ვერ მოხდება, რადგან თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ამ კანონპროექტის მიღება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი იქნება ერთ-ერთი გარდამტეხი ამ პრობლემასთან ბრძოლაში“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
თამუნა შეყილაძე