დავით სონღულაშვილი: აზარტული თამაშობების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია

აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული პირისა და აკრძალული პირის ცნების განსაზღვრას და მოთამაშის 25 წლამდე ასაკის აწევას ითვალისწინებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დამოკიდებულ პირთა სიის და აკრძალულ პირთა სიის განმარტებას, რეგულირდება ონლაინ თამაშების რეკლამირება, ეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა ეკრძალებათ საჯარო მოხელეებს.

პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა საკითხის გატანისას აღნიშნა, რომ, კანონპროექტის მიღების შედეგად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესები და შემცირდება აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მოთამაშეთა ჩართულობის და სოციალური ფონის გაუარესების რისკები.

მისი თქმით, აზარტული თამაშობების ბიზნესი გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე გვაყენებს ვიდრე მისგან მიღებული სიკეთეებია, ამიტომ არის საჭირო ამ ეტაპზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღება. მომხსენებელმა ისაუბრა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროექტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. კერძოდ, წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია იურიდიული კომიტეტის შენიშვნები ტერმინოლოგიის დაზუსტების თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო ტექნიკისა და რედაქციული ხასიათის შენიშვნები.

გათვალისწინებულია მაუწყებლების შენიშვნაც და კანონპროექტში თავდაპირველად მითითებული ამოქმედების ვადად 2022 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად განისაზღვრება 2022 წლის 1-ელი მარტით. კანონპროექტის განხილვაში მონაწილებდნენ სათამაშო ბიზნესის, მაუწყებლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები