ეკატერინე ტიკარაძე: “ომიკრონის” საქართველოში დადასტურების შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია, ამ გამოწვევას გაუმკლავდება
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი “ომიკრონი” გამოვლინდება, კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით, ასევე, საწოლფონდით და ამ გამოწვევას გაუმკლავდება.
„ჩვენ ველოდებით ლუგარის პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ დაველოდოთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, არის თუ არა „ომიკრონი“ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მივმართავთ იმ ღონისძიებებს, რა პრაქტიკაც უკვე აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც „ომიკრონი“ დადასტურდა. კლინიკურ სექტორს რაც შეეხება, მომზადებული არიან როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე, იმ საწოლფონდით, რომელიც გაუმკლავდება ამ გამოწვევას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მართვის პროცესში ეფექტურად მუშაობს და მისივე განცხადებით, სისტემას უფრო რთული ეპიდსიტუაციის გამკლავებაც შეუძლია.
„გამოვიარეთ საკმაოდ რთული პერიოდი. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მართვა არის თითქმის ავტომატურ რეჟიმზე, ვინაიდან ყველა ის რგოლი, რომელიც უნდა ზრუნავდეს მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, მუშაობს ეფექტურად. სასწრაფო სისტემაც აწყობილია, არ გვაქვს დაყოვნებული ზარები და, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ის სისტემა, რომელიც ფუნქციონირებს, შეძლებს, გაუმკლავდეს უფრო რთულ სიტუაციასაც კი“, – განაცხადა ტიკარაძემ.