გიორგი ხელაშვილი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დეკლარაციაში არის რამდენიმე პერსპექტიული მიღწევა საქართველოსთვის
“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობისაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, დეკლარაციაში არის რამდენიმე ძალიან კარგი, დადებითი, პერსპექტიული მიღწევა საქართველოსთვის.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობისაა. ახლა, როცა ევროპაშიც სერიოზული პრობლემებია, ჩვენს რეგიონში რამდენიმე ქვეყანა თითქმის პირდაპირი გაგებით ცეცხლშია გახვეული და რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ბევრი არაფერი უკლია, ვფიქრობ, რომ მიღებული დეკლარაცია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. დეკლარაციაში არის რამდენიმე ძალიან კარგი, დადებითი, პერსპექტიული მიღწევა საქართველოსათვის.
მე მინდა, მივულოცო საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას ევროკავშირთან წარმატებული მუშაობა, რადგან ამ 6 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე აქტიურად მუშაობდა ამ შედეგების მისაღწევად. რამდენიმე საკითხი იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა რჩება ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მიმართულებად. ასევე, გამოიკვეთა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები განსაკუთრებულად დაახლოებულები არიან ევროკავშირთან. წინ წავიწიეთ ფინანსური დახმარების თვალსაზრისითაც. ევროკავშირმა გამოყო საკმაოდ დიდი თანხა, რომლის გაზრდა იგეგმება დაახლოებით 17 მლრდ დოლარამდე. ეს იქნება სერიოზული საინვესტიციო დახმარება საქართველოსთვის მომდევნო წლებში. ასევე საქართველომ მიიღო დაშვება ევროპის ერთიან ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გარეშეც ქართულ ეკონომიკას შეეძლება, ევროპის ერთიან ბაზარში მონაწილეობა. მე ვფიქრობ, რომ მოცემულ ეტაპზე ეს მიღწევები არის ძალიან კარგი და იმედისმომცემი“, – აცხადებს ხელაშვილი.