რა შემთხვევაში ურთულდებათ კორონავირუსი და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ქრონიკული დაავადების მქონე ორსულებმა“ – მაკა ბულეიშვილის რჩევები
„რა შეიძლება, გახდეს ორსულებში კოვიდის გამწვავების მთავარი მიზეზი და რა მთავარ რეკომენდაციებს გასცემენ მედიკოსები“, – ამის შესახებ პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი – მაკა ბულეიშვილი საუბრობს.
როგორც მედიკოსმა „ფორტუნას“ ეთერში ნატალი ხარაიშვილის საავტორო გადაცემაში – „სტუმრად ექიმთან“ განაცხადა, ფეხმძიმე ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ხალხმრავალი თავშეყრისგან თავის არიდება, განსაკუთებით კი – ორსულები არავაქცინირებულ ადამიანებს უნდა მოერიდონ.
როგორც აკადემიური დოქტორი აღნიშნავს, განსაკუთრებული სიფრთხილე იმ ორსულებს მართებთ, რომლებსაც სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აქვთ. თუმცა, სიფრთხილის ზომები და მუდმივი მონიტორინგი ჯანმრთელ ქალბატონებსაც სჭირდებათ.
„დელტა“ შტამის შემოსვლის შემთხვევაში (სამწუხაროდ, ძალიან გულსატკენია ეს თემა და რთულია ამაზე საუბარი) არაერთი ორსულის გარდაცვალება დაფიქსირდა.
ორსული, ზოგადად, არის ყოველთვის მოსაფრთხილებელი. მას სჭირდება სიფრთხილე არა მარტო კორონავირუსთან მიმართებით, ჩვენ გვახსოვს ის პერიოდიც, როდესაც „ღორის გრიპის“ დროს რამდენიმე ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. ორსულების იმუნური სისტემა, შეიძლება ითქვას, დაბალია იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი, რასაც ორსული იღებს, უნაწილებს ნაყოფსაც. შესაბამისად, მთავარი გაფრთხილება და რეკომენდაციებია, რომ ოჯახის წევრებს მაინც (თუკი არის საშუალება) რომ არ ჰქონდეთ მასთან კონტაქტი, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც არ არიან ვაქცინირებულები. ორსულების შემთხვევაში იყო არაერთი ფაქტი, როდესაც ისინი ხალხმრავალ ადგილებში, ქორწილებსა და სხვადასხვა სარიტუალო ღონისძიებაში მოხვდნენ და ამის შემდეგ დაინფიცირდნენ.
ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულებს პირად მეან- გინეკოლოგთან ჰქონდეთ მუდმივი კონტაქტი. დაინფიცირების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველივე დღესვე მოხდეს მონიტორინგი – არა მარტო ინფექციონისტის ან თერაპევტის მიერ, არამედ – მისი მკურნალი გინეკოლოგის მიერ. არა მხოლოდ კორონავირუსის დროს, ზოგადად, ორსულებში ხშირია სხვადასხვა სახის გართულება. ამიტომ ორსულის ორგანიზმი ისედაც დაუძლურებულია (ანუ ორსული არის სათუთი ადამიანი, პრაქტიკულად, ორი ადამიანი). აქედან გამომდინარე, იგი გამუდმებით უნდა იყოს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებული, ასევე – იყოს იზოლირებული.
ბოლო პერიოდში ორსულთა ვაქცინაციის პროცესიც გააქტიურდა, თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ვაქცინაციის ჩატარებას და როდესაც დაიწყო ორსულთა და მეძუძური დედების ვაქცინაცია, არაერთი ორსული ჩაერთო ამ პროცესში.
ზოგადად, თუ ორსული არის ჯანმრთელი და არანაირი პათოლოგია არ აქვს, არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული, თუ დაინფიცირების დროს დროულად არ იქნება მიღებული ზომები, მოხდეს გართულებები. საერთოდ, ვირუსული დაავადებები პროვოცირებას უწევენ ნაყოფის დაკარგვას, შეიძლება – გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, პნევმონია. თუკი არ მოხდება დროული მონიტორინგი, ყველა დაავადება შეიძლება, გართულდეს. თუნდაც, არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს ორსულს“, – ამბობს მაკა ბულეიშვილი.
მედიკოსი განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს ქრონიკული დაავადების მქონე ორსულებს. ბულეიშვილი განმარტავს, რომ ორსულობის დროს მათ ისედაც მეტი ყურადღება მართებთ, ხოლო დაინფიცირების შემთხვევაში, პირველივე დღიდან, როგორც ოჯახის ექიმთან, ასევე მეან-გინეკოლოგთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლონ.
„განსაკუთრებით შედარებით ხანდაზმული ასაკის ორსულები, დაინფიცირების შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვისაც შეიძლება – თანხმლები დაავადება ჰქონდეს, ეს დაავადება მუდმივად საჭიროებს კონტროლს და განსაკუთებით მაშინ, როცა ეს ადამიანი არის ორსული. ის მუდმივად მონიტორინგის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს. ორსული, რომელსაც აწუხებს ქრონიკული დაავადება, თუნდაც დიაბეტი, იგივე ფილტვების რომელიმე დაავადება, ბრონქიტი ან ასთმა, ალერგიული ფონით, თუ დასნებოვდება კორონავირუსით, ეს ვირუსი პრაქტიკულად ედება ყველა ორგანოს და აგდებს იმუნურ სისტემას. ადამიანის ორგანიზმი ამ დროს იმყოფება ოქსიგენაციურ სტრესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ორსულისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა და, პარალელურად, დაინფიცირება საკმაოდ სერიოზულ მონიტორინგს საჭიროებს.
ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, კიდევ ერთხელ ვთხოვ ქალბატონებს, თუ მოხდა დაინფიცირება, აუცილებლად, პირველივე დღიდან ჩაიტაროს მონიტორინგი თავის მეან- გინეკოლოგთან და ოჯახის ექიმთან “, – აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.