„ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტი პრობლემა აუცრელებს შეექმნებათ“ – მაკა ბულეიშვილი

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური ექსპერტის, პროფესორ მაკა ბულეიშვილის განცხადებით, covid 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან.

ამის შესახებ ბულეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ცხადია, „ომიკრონის“ საქართველოში შემოსვლა გამორიცხული არ არის. „დელტა“ შტამთან მიმართებით ვიცოდით, რომ ახასიათებს სწრაფი გავრცელება, ამიტომ, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ რეკომენდაციები დაცული ყოფილიყო, ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტი აქტიურობით წარმართულიყო. თუ გავაკეთებთ პარალელს, ახალი კვლევების საფუძველზე, იგივე შევიძლია ვთქვათ „ომიკრონთან“ მიმართებით: ეს არის შტამი, რომელსაც 99%-ით კიდევ უფრო სწრაფი განვრცობადობა ახასიათებს, ვიდრე „დელტა“ შტამს ახასიათებდა.

ამას მობილიზებულები უნდა შევხდეთ. რეკომენდაციები უნდა დავიცვათ. „ომიკრონის“ შემოსვლის შემთხვევაში, ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაქცინირებულები არ არიან.
სამწუხაროდ, “ომიკრონი” დომინანტი შეიძლება, გახდეს ძალიან მალე. არ არის გამორიცხული, გათვალისწინებული რეკომენდაციებისა და ვაქცინაციის პროცესის არჩატარების შემთხვევაში, „დელტა“ შტამის ჩანაცვლება “ომიკრონის” შტამით ძალიან მალე მოხდეს. გავრცელების არეალი შეიძლება, იმდენად მაღალი იყოს, რომ შემდგომში მისი მართვაც გართულდეს. აქ ერთი თემაა, შედარებით საიმედო ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში სიმპტომების უფრო სუსტად მიმდინარეობა გვაქვს. სიმპტომებია: სურდო, ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურის მატება, კუნთების ტკივილი. ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადება აქვთ, შეიძლება, „ომიკრონის“ შემთხვევაში გარკვეული პრობლემები შეექმნათ. გარდა ამისა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ კვლევების საფუძველზე გვაქვს ინფორმაცია, რომ ინფექცია ვაქცინირებულ ადამიანებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

არ მინდა, ჩვენი თითოეული გამოსვლა რაღაც პანიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული იყოს, ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობამ უნდა გაიგოს – მთავარი რეკომენდაციების დაცვაა. განსაკუთრებით, ამ წინასაახალწლო, დღეებში, როცა მობილობა მაღალი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში კარგი ეპიდემიოლგიური მდგომაროება არ გვაქვს. უნდა ვეცადოთ, მობილობა შევამციროთ“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

ცნობისთვის, „ომიკრონის“ შესახებ ახალი კვლევის შედეგები რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. კვლევა 78 000 პაციენტზე დაყრდნობთ სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა.

“იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ- ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, COVID 19-ის ახალი შტამით, ,,ომიკრონით,, დაავადებული 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული დაავადება ხანმოკლეა, 3-დღეს გრძელდება, პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია ძალიან იშვიათად სჭირდებათ, ვაქცინები ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით არ მოქმედებენ, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის თვალსაზრისით მუშაობენ.
„ის კვლევა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა ინფიცირების შემთხვევების თავიდან ასცილებალად ეფექტიანია 33 %-ით, მაგრამ მძიმე მიმდინარეობის თავიდან აცილების თვალსაზრისით ძალიან მაღალია ეფექტიანობა – 70 %.

ამ კვლევაში დაფიქსირებულია, რომ ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა კლინიკური მიმდინარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში მოხვედრა დასჭირდათ. მაგრამ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ბავშვებისთვისაა ძალიან საყურდაღებო, არის ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრისა და ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია. ინფიცირების რისკი მაღალია, გაცილებით მეტი, ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში იყო”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მან „ომიკრონის“ სიმპტომებიც განმარტა.

„ის, რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს: არის, თუ არა „ომიკრონი“ კლინიკური მიმდინარეობით მსუბუქი: 78 000 პაციენტის შესწავლის შედეგად გარკვეულად შეგვიძლია, ვთქვათ, რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ამ მუტაციას და არის თუ არა ზოგადად მძიმე. არ არის მძიმე. დაფიქსირებულია, რომ ამ მუტაციით გამოწვეული დაავადების კლინკური ნიშნები 3 დღის განმავლობაში გრძელდება, 3-დღიანი ავადობა ახასიათებს ძირითადად. ეს არის ყელის ჩაფხაჭვნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამით მთავრდება ყველაფერი. ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას”, – განაცხადა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები