"სააფთიაქო ნარკომანიის" წინააღმდეგ ზომები გამკაცრდა

კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების რეალიზაციაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის გამკაცრების საკითხს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
საკითხი პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს და მიიღეს.
“ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” და “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონებში შესატან ცვლილებებს, რომელიც შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ საკანონდებლო ინიციატივას წარმოადგენს, როგორც უმრავლესობამ, ასევე ოპოზიციამ მხარდაჭერა გამოუცხადეს. საუბარია იმ ფსიქოტროპულ და ფსიქოაქტიურ მედიკამენტებზე, რომელთა გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადება ხდება შესაძლებელი. როგორც საკითხის განხილვისას აღინიშნა, პრაქტიკა ადასტურებს, რომ დეზომორფინისა და ამფეტამინების მომზადებისთვის საჭირო ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტო გაცემის აღსაკვეთად, მხოლოდ ადმინისტრაციული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი. იმის მიუხედავად, რომ აფთიაქებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა, მაღალი სანქციების დაწესებას სასურველი ეფექტი არ მოჰყოლია.
“პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ზოგიერთი ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაცია მხოლოდ მკაცრ აღრიცხვას დაქვემდებარებული ფორმა #2 რეცეპტის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, თუმცა მთელ რიგ აფთიაქებში კვლავ უხეშად ირღვევა საცალო რეალიზაციის დადგენილი წესები და პრეპარატები ყოველგვარი რეცეპტის გარეშე გაიცემა. აღნიშნულის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ამ კუთხით მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის არსებობა. შემოსავალი იმდენად მაღალია, რომ სააფთიაქო დაწესებულებების მფლობელებს უღირთ ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით წელიწადში რამდენჯერმე გადაიხადონ და საქმიანობა განაგრძონ. ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც დაწესებულებაში გამოვლენილი სამართალდარღვევის შემდეგ, სამართალდარმღვევი ნებართვის გაუქმების თაობაზე განაცხადით საკუთარი ნებით შემოდის, ან ადმინისტრაციული ორგანო ნებართვას ბრძანებით აუქმებს. ამის შემდეგ იგივე მფლობელი, სხვა იურიდიული პირის სახელით, იმავე მისამართსა და ფარმაცევტულ საქმიანობაზე განაცხადით ახალი ნებართვის მისაღებად შემოდის. სამწუხაროდ, მოქმედ კანონმდებლოში არ არსებობს მსგავსი ქმედების ამკრძალავი საფუძველი, რის გამოც სამართალდარმღვევი პირები აგრძელებენ როგორც უკანონო საქმიანობას, ასევე უკანონო ქმედებებს და ინსპექციის მიერ განხორციელებული კონტროლის ღონისძიების და საჯარიმო სანქციების გამოყენების მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ დგება”, – განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ.
შსს-ს მონაცემებით, აფთიაქებიდან I ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაცემამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, რაც მათ უკანონო არხებში გადინების ფაქტს ადასტურებს, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული იმპორტის მონაცემები, საგანგაშო მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ მიმართულებით საპარლამენტო უმრავლესობა პრობლემას ადმინისტრირების კუთხითაც ხედვას. როგორც ამასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე აღინიშნა, აფთიაქების სათანადო კონტროლი არ ხორციელდება და კანონების გამკაცრება ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს, თუკი ადმინისტრირების მექანიზმები არ მოწესრიგდება.
რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს: აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანის გზით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხის და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ფარმაცევტულ პროდუქტზე კონტროლის ის რეჟიმი გავრცელდება, როგორიც I ჯგუფისთვის მიკუთვნებულ სხვა სამკურნალო საშუალებებზე არის დადგენილი. ეს მათ მიმოქცევაზე (იმპორტი, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა) მკაცრი კონტროლის განხორციელების საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იმ ავადმოხმარებადი სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ისეთი სამკურნალო საშუალებები და პრეპარატები, რომელთა არადანიშნულებისამებრ გამოყენება სუფთა სახით ან სხვა ნივთიერებებთან ერთად, ნარკოტიკულ თრობას იწვევს) განისაზღვრება, რომლებზეც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისთვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები გავრცელდება.
კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინის და ნორეფედრინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის დროს, საქართველოს წლიური მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კვოტა განისაზღვრება. შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, კვოტის განსაზღვრა ზემოთ მითითებული ნივთიერებების შემცველ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს ახალ გამოწვევებზე სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
პროექტის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქტოროპული ნივთიერებებისთვის განისაზღვრება წინასწარი შეთანხებისა და ნებართვის აღების ვალდებულება ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრას კოდეინის, ეფედრინის, ფსევროეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევსათვის. აღნიშნული ნივთიერების რეცეპტის გარეშე გაცემა აფთიაქისთვის – როგორც იურიდიული, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირისთვის, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამასთან, აცეტილჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, კოდეინის, ნოკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი ყველა კომბინირებული პრეპარატი ნარკოტიკული საშუალებების II სიას უთანაბრდება, პრეპარატში ამ ნივთიერერებათა ოდენობისა და შემცველობის პროცენტული კონცენტრანტის მიუხედავად. ასევე, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, კოდეინის, აცეტილჰიდროკოდეინის, დიჰიდროკოდეინის, ნოკოდიკოდინის, ნიკოკოდინის, ნორკოდეინის, ფოლკოდინისა და ეთილმორფინის შემცველი კომბინირებული პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების II სიას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეკუთვნება, თუ მათი ოდენობა დოზის ერთეულზე შეადგენს 100მგ-ს და 100 მგ-ზე მეტს, ხოლო განუყოფელ პრეპარატებში კონცენტრაცია 2,5% და 2,5%-ზე მეტია. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით კი, აღნიშნული გრადაციები უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოდეინის შემცველი კომპინირებული პრეპარატები ნარკოტიკული საშუალებების II სიაში გადავა. შესაბამისად, მათი რეცეპტის გარეშე რეალიზაცია აფთიაქისთვის (როგორც იურიდიული პირის, ასევე მის უკან მდგომი ფიზიკური პირებისთვის, მათ შორის გამყიდველისთვისაც) სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
პროექტით სიახლეა ისიც, რომ ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირებს სააფთიაქო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება ჩამოეთმევათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები