ნინო წილოსანი: „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სტუდენტური კონკურსის შედეგებმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის გამოცხადებული კონკურსი დღეს საზეიმოდ დაიხურა.
პარლამენტის ინფორმაციით, კონკურსის საზეიმო დახურვის ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო იოტაში შედგა, შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა, არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული. პროგრამის პარტნიორ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 13 სექტემბერს გაფორმდა და პროცესი სამ ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, რეგიონული ან ეროვნული მოდელების შექმნასა და პილოტირებას, მდგრადი განვითარების მიზნებსა და სოფლის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებს; დასწრებოდნენ ტრენინგს სოფლად მეწარმეობის განვითარების შესახებ; მოეძიათ ბენეფიციარები და მათთან ერთად შეემუშავებინათ ბიზნეს გეგმის კონცეფციები მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის, რომელიც მორგებული იქნებოდა მიმდინარე სტარტაპ პროგრამებსა და გრანტებზე; ეთანამშრომლათ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა. პროექტის ფარგლებში შეირჩა 12 კონკურსანტი, რომლებმაც მეორე ეტაპზე სოფლად მეწარმეობის განვითარების შესახებ სამდღიანი (1-3 ნოემბერი) ტრენინგი გაიარეს. ტრენინგები სტუდენტებს ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში” ჩაუტარდათ.
შემდეგ ეტაპზე კი სტუდენტებმა, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავეს და წარადგინეს ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კონცეფციები ბიზნეს-გეგმებისათვის. საბოლოოდ, საფინალო ეტაპისთვის 8 საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა, რომელთა პრეზენტაცია დღევანდელ ღონისძიებაზე გაიმართა. მათგან ჟიურიმ სამი საუკეთესო კონცეფციის ავტორი გამოავლინა, რომლებიც „სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამის პრემიებით და პრიზებით დააჯილდოვეს. თითოეულ გამარჯვებულს 1500-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცა.
„პროგრამა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია CENN-ის დახმარებით განვახორციელეთ, მიზნად ისახავდა აგრარული მიმართულებით სტუდენტების ჩართულობას და გააქტიურებას. მათი მოსაზრებების მიღებას, რათა გამოგვევლინა საუკეთესოები ტყის არამერქნული რესურსების კომერციულ დანიშნულებად გადაქცევაში. აღნიშნული პროგრამა თავისი არსით გულისხმობდა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების ჩართულობას, მათ მიერ ტყის არამერქნული რესურსის კომერციული გამოყენების ბიზნეს-პროექტების დამუშავებას, ტრენინგებს, წარმატებულ ბიზნესმენებთან შეხვედრებს, საინტერესო ბიზნეს გეგმების გამოვლენას. მადლობა ჩვენს მეგობრებს, როგორც ნიდერლანდების საელჩოს, მის წარმომადგენლებს, ასევე, ორგანიზაცია CENN-ს”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, პროგრამის შედეგებმა და იმ სამუშაო პროცესმა, რომლებიც ახალგაზრდებს ჰქონდათ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„კომიტეტის ინიციატივით ჩვენ გვსურდა, რომ დაგვეინტერესებინა და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო სოფლად მეწარმეობის განვითარებაში. ტყის არამერქნული რესურსის მიმართულება არის ახალი შესაძლებლობები, რომელიც ტყის კოდექსმა გააჩინა და რომელიც სოფლად ბიომეწარმეობის რეალურ შესაძლებლობას და ადგილობრივი წარმოების საინტერესო მიმართულებებით განვითარების საშუალებას იძლევა, შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა რომ ახალგაზრდების დაინტერესებით საუკეთესო იდეები გამოგვევლინა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამამ ახალგაზრდებს ცოდნის, გამოცდილების, კონტაქტების შეძენის, იდეების მობილიზების დამატებითი შესაძლებლობა მისცა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პროცესის თითოეულ მონაწილეს, ყველა ჩართულ მხარეს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და უწყებებს, ექსპერტებს, ტრენერებს პროგრამის განხორციელებაში თანადგომისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა არ იქნება ერთჯერადი და ერთობლივად აუცილებლად სხვა, კიდევ უფრო საინტერესო და არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ, პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს კი მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„სოფლად მეწარმეობის განვითარების” პროგრამა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, არსამთავრობო ორგანიზაცია CENN-ისა და ასოციაცია „საქართველოს ტყის პროდუქტის” ჩართულობით განხორციელდა.