თამარ გაბუნია: ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც, კონსულტაციები გრძელდება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები გრძელდება. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი არჩილ თალაკვაძესაც შეეხება. მისივე თქმით, გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
“ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. დღეს გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რამის თქმა, უნდა დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება, ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც. ვფიქრობ გადაწყვეტილებას, იქნება ეს თუ სხვა კანდიდატი, მალე შევიტყობთ“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წლის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს. თუ ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი, მედიაში რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე – არჩილ თალაკვაძე.