დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში – ვისურვებდით, რომ საერთოდ აკრძალული იყოს აზარტული თამაშები
“ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში – ვისურვებდით, რომ საერთოდ აკრძალული იყოს აზარტული თამაშები”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომას ესწრებოდა, სადაც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.
ჯაღმაიძე იმედოვნებს, რომ კანონპროექტი ეფექტურ ფორმას მიიღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში – ვისურვებდით, რომ საერთოდ აკრძალული იყოს აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის. იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს. ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე პარალელურად ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა, ჩავერთეთ, თითქმის წელიწადნახევარი ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200-მდე დასკვნა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე, ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომელიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.